კლინიკა "ვივამედში" კარანტინი გამოცხადდა

კლინიკა „ვივამედში“, სადაც ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, კარანტინი გამოცხადდა.

ამის შესახებ მედიას ინფორმაცია საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ მიაწოდა.

მისივე ქთმით, კლინიკაში კარანტინის გამოცხადების საჭიროება ქვეყანაში გამწვავებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობასა და ვირუსული ინფექციების შემთხვევების ზრდას უკავშირდება.

ზურაბ ჩხაიძემ ასევე მედიასთან განმარტა, რომ საჭიროების შემთხვევაში, პაციენტებთან მნახველები სპეციალური ეკიპირებით, ვირუსზე ტესტირების საფუძველზე დაიშვებიან, კლინიკის ფოიეში კი შეიზღუდება ჟურნალისტების შესვლა.

მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს.

უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.